Monday, April 2, 2012

      თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა......................


ანევრიზმა სისხლძარღვის გამობერილი ადგილია, რომელიც სწრაფად იზრდება და ივსება სისხლით. თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა, რაც მეტად იზრდება, მით მეტად აწვება გარშემო არსებულ ქსოვილებსა და ნერვებს. განსაკუთრებით საშიშია ანევრიზმის გახეთქვა, რის შედეგადაც სისხლი ტვინის ქსოვილში იღვრება. როგორ ამოვიცნოთ ანევრიზმა? შესაძლებელია თუ არა მისი გახეთქვის თავიდან აცილება? ამ და სხვა კითხვებს ნეიროქირურგები პასუხობენ...







- რა აჩენს თავის ტვინის ანევრიზმას?

- თავის ტვინის ანევრიზმა შეიძლება გამოწვეული იყოს:




1. სისხლძარღვთა კედლის თანდაყოლილი პათოლოგიით;

2. ზოგიერთი გენეტიკური დარღვევით (შემაერთებელი ქსოვილის  დაავადებები, თირკმელთა პოლიკისტოზი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა - არტერიებისა და ვენების პათოლოგიური დატოტიანება, რაც სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს);
3. თავის ტრავმით, ჭრილობით;
4. მაღალი არტერიული წნევით;
5. ინფექციით;
6. სიმსივნით (უპირატესად - თავისა და კისრის პირველადი ან მეტასტაზური ფორმებით);
7.ათეროსკლეროზით;
8.თამბაქოსა და ნარკოტიკების (უპირატესად - კოკაინის) მოხმარებით.


თავის ტვინში ანევრიზმა ნებისმიერ ადგილას შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ უმეტესად მდებარეობს არტერიის განტოტვის ადგილას, ტვინის ქვედა ზედაპირსა და ქალას ფუძეს შორის.


- ვის შეიძლება დაემართოს დაავადება?

- თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა მოზრდილებში უფრო ხშირად აღირიცხება, ვიდრე ბავშვებში, ქალებში უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებში. ანევრიზმის გახეთქვის ალბათობა მისი ნებისმიერი ფორმის დროს ერთნაირია, თუმცა, სტატისტიკით, უფრო მეტად 30-დან 60 წლამდე ასაკის პაციენტებშია მოსალოდნელი. ანევრიზმის გახეთქვას ხელს უწყობს ჰიპერტონია (მაღალი არტერიული წნევა), ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება, ნარკოტიკებისა და თამბაქოს მოხმარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თვით ანევრიზის ზომა. განასხვავებენ: მცირე (დიამეტრი - 11 მმ-ზე ნაკლები), საშუალო ზომის (დიამეტრი - 11-25 მმ) და გიგანტურ (დიამეტრი - 25 მმ-ზე მეტი) ანევრიზმას.


- რა შეიძლება მოჰყვეს ანევრიზმის გახეთქვას?


- ანევრიზის გახეთქვას მოსდევს თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა, რაც სერიოზულ გართულებებს - ჰემორაგიულ ინსულტს, ნერვული სისტემის დაზიანებას და სიკვდილსაც კი იწვევს. პირველი გახეთქვის შემდეგ ანევრიზმა შესაძლოა მეორედაც გასკდეს. ასევე შესაძლოა, განვითარდეს სხვა, ახალი ანევრიზმა. თავის ტვინში ანევრიზმის გახეთქვას უმეტესად სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა მოჰყვება, ანუ სისხლის ჩაქცევა ღრუში, რომელიც თავის ტვინსა და ქალას შორის მდებარეობს. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის საშიში შედეგია ჰიდროცეფალია, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავ-ზურგტვინის სითხის (ლიქვორის) დაგროვება ტვინის პარკუჭში. ჭარბად დაგროვილი ლიქვორი ზეწოლას ახდენს თავის ტვინზე. კიდევ ერთი გართულებაა ვაზოსპაზმი - ამ დროს სისხლძარღვები ვიწროვდება, რაც ზღუდავს თავის ტვინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უბნების სისხლით მომარაგებას, სისხლის მომარაგების დეფიციტი კი ინსულტს ან ქსოვილოვან დაზიანებებს იწვევს.



- არსებობს თუ არა ნიშნები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება მივხვდეთ, რომ ადამიანს თავის ტვინის ანევრიზმა აქვს?

- სანამ ანევრიზმა მეტისმეტად არ გაიზრდება ან არ გასკდება, ადამიანი უმეტესად არაფერს უჩივის. დიდი ზომის ანევრიზმა აწვება ტვინის ქსოვილებსა და ნერვებს, ამიტომ მოსალოდნელია:


1. თვალების მიდამოს ტკივილი, დაბუჟება, სისუსტე ან სახის ერთი ნაწილის           დამბლა;
2. გუგების გაფართოება;
3, მხედველობის დაბინდვა.



ანევრიზმის გახეთქვის დროს ადამიანი შეიგრძნობს უეცარ და ძალიან ძლიერ თავის ტკივილს, მხედველობის გაორებას, პირღებინებას, გულისრევას, კეფის არეში დაჭიმულობას. შესაძლოა, გონებაც დაკარგოს. ზოგჯერ ანევრიზმის გასკდომას წინ უძღვის ე.წ. გამაფრთხილებელი თავის ტკივილი, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე ან კვირა, სინათლის მიმართ ზემგრძნობელობა, ფსიქიკური ცვლილებები - საფრთხის მოახლოების შიში, შესაძლოა, კრუნჩხვაც კი. თუ გაწუხებთ მწვავე თავის ტკივილი, მეტადრე - თუ ის შერწყმულია ჩამოთვლილ ნიშნებთან, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.


- შესაძლებელია თუ არა თავის ტვინის ანევრიზმის წინასწარი დიაგნოსტირება?


- როგორც მოგახსენეთ, გახეთქვამდე ანევრიზმა თითქმის არ ამჟღავნებს საკუთარ არსებობას. ხშირად იგი მოულოდნელად გამოვლინდება, სხვა მიზეზით ჩატარებული გამოკვლევის დროს. ზოგიერთი დიაგნოსტიკური მეთოდის საშუალებით შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია ანევრიზმისა და მისი ოპტიმალური მკურნალობის შესახებ, თუმცა ასეთი გამოკვლევა ტარდება უკვე სუბარაქნოიდული ჩაქცევის შემდეგ, რათა დადასტურდეს თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა. ანგიოგრაფია სისხლძარღვების რენტგენოლოგიური გამოკვლევაა კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით. ანგიოგრამა, სხვა პათოლოგიურ ცვლილებებთან ერთად, აჩვენებს ანევრიზმის არსებობასაც. ამ მეთოდს იყენებენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს. ის საშუალებას გვაძლევს, გავარკვიოთ თავის სიმსივნის, ანევრიზმის ან გამსკდარი სისხლძარღვის ადგილმდებარეობა, ზომა და ფორმა. თავის კომპიუტერული ტომოგრაფია დიაგნოსტიკის სწრაფი, უმტკივნეულო, არაინვაზიური მეთოდია. ეს არის პირველი დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ინიშნება მაშინ, როცა ანევრიზმის გახეთქვას ეჭვობენ. იგი უფრო ზუსტ და დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უმტკივნეულო, არაინვაზიური პროცედურაა, რომელიც კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ანევრიზმის ზომისა და ფორმის შესახებ. ასევე შეუძლია, გამოავლინოს თავში სისხლჩაქცევის არსებობა.


- ანევრიზმა ყოველთვის არ სკდება. ამ შემთხვევაში როგორ მკურნალობენ მას?


- მცირე ზომის ანევრიზმის არსებობისას პაციენტს სჭირდება მუდმივი მეთვალყურეობა. ანევრიზმის ზრდის, დამატებითი ჩივილების წარმოშობის შემთხვევაში ტარდება კომპლექსური მკურნალობა. მას ექიმი ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ანევრიზმის ადგილმდებარეობისა და სხვა მონაცემების გათვალისწინებით არჩევს. არსებობს ქირურგიული მკურნალობის ორი მეთოდი - ოკლუზია და კლიირება. ორივე საკმაოდ რთულია. ოპერაციის ალტერნატივაა ენდოვასკულარული ემბოლიზაცია. არც იგი გახლავთ მარტივი პროცედურა.


- შესაძლებელია თუ არა, ტვინის სისხლძარღვებში ანევრიზმის წარმოშობა თავიდან ავიცილოთ?


- დღესდღეობით ანევრიზმის პროფილაქტიკის გზები უცნობია. ადამიანი, რომელსაც დაუსვამენ თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმის დიაგნოზს, განუწყვეტლივ უნდა აკონტროლებდეს არტერიულ წნევას, მისდევდეს ცხოვრების ჯანსაღ წესს, უარი თქვას სიგარეტზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე (კოკაინზე), საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით მიიღოს მედიკამენტები - ასპირინი და სხვა ასეთი პრეპარატები. ქალებმა ორალური კონტრაცეფციის თაობაზე კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან. ანევრიზმის გახეთქვის შემდეგ პროგნოზი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თანმხლებ ნევროლოგიურ დარღვევებზე, ანევრიზმის ადგილმდებარეობაზე, სისხლდენის ხარისხზე, ასევე - იმაზეც, რამდენი ხანი გავიდა მისი გახეთქვიდან სამედიცინო დახმარებამდე. თუ ადამიანს ანევრიზმა აქვს, მისი ცხოვრების ხარისხი დამოკიდებულია ორ მნიშვნელოვან ფაქტორზე - ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე. მკურნალობა ანევრიზმის გახეთქვამდე გაცილებით შედეგიანია, ვიდრე გახეთქვის შემდეგ. აღდგენითი პერიოდი ხანგრძლივია და რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება.


- ანევრიზმა ყოველთვის სკდება?
- მცირე ზომის ანევრიზმას გახეთქვა და სხვა გართულებები არ ახასიათებს.


                                                                                                   გამოყენებული რესურსები:



                                                                                                   www.mkurnali.ge

                                                                                                   www.google.ge






                თავის ტვინის-ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია,                                                    ციტოლოგია............


თავის ტვინი (encephalon) – ცენტრალური ნერვული სისტემის წინა ნაწილი, რომელიც მოთავსებულია თავის ქალას ღრუში.



           ადამიანის ოთხი კვირის ემბრიონს ნერვული ღეროს თავის ნაწილში უვითარდება 3 პირველადი ტვინის ბუშტუკი – წინა (prosencephalon), შუა (mesencephalon) და რომბისებური (rhombencephalon); ამ უკანასკნელს გააჩნია გაგანიერებები, რომბომერები, რაც მეტყველებს მის სეგმენტურ აგებულებაზე; ის თანდათან გადადის ზურგის ტვინში. მე–5 კვირაზე წინა და რომბისებური ბუშტუკები იყოფიან და წარმოქმნიან 5 მეორეულ ბუშტუკებს, რომლებსაც შეესაბამება თვაის ტვინის საბოლოო ნაწილები: საბოლოო (telencephalon), შუამდებარე (diencephalon), შუა (mesnecephalon), უკანა (metencephalon) და მოგრძო (myelenencephalon, medulla oblongata). უკანა ტვინი სქელდება და ქმნის ტვინის ხიდს (pons; ვაროლის ხიდი), ხოლო მის დორსალურ ნაწილში ყალიბდება ნათხემი. შუა ტვინი იყოფა დორსალურად მდებარე შუა ტვინის სახურავად და ვენტრალურად განლაგებულ ტვინის ფეხებად. შუამდებარე ტვინში გამოყოფენ ჰიპოთალამუსს, ეპითალამუსს, თალამუსს (მხედველობის ბორცვი) და მეტათალამუსს. საბოლოო ტვინი ქმნის ორ ნახევარსფეროს. მე–3 თვეზე ნახევარსფეროების ზედაპირებზე ჩნდება გვერდითი ფოსო, ხოლო მე–4 თვის ბოლოსთვის წარმოიქმნება პირველადი ნაოჭები, რომლებიც ნახევარსფეროებს ყოფენ წილებად. მე–5 თვიდან ხდება ნაოჭების და ხვეულების ინტენსიური წარმოქმნა; ნახევარსფეროებს შორის ყალიბდება შეხორცებები. თავის ტვინის პარკუჭები წარმოიქმნებიან თავის ბუშტუკების ღრუებისგან, რომლებსაც თავდაპირველად გააჩნიათ თხელი კედლები. თავის ტვინის ნახევარსფეროებში წარმოიქმნება წყვილი გვერდითი პარკუჭი, ხოლო შუამდებარე ტვინში – III პარკუჭი, რომბისებურ ტვინში – IV პარკუჭი, რომელიც გრძელდება ზურგის ტვინის ცენტრალურ არხში. შუა ტვინში შენარჩუნებულია წვრილი არხი, რომელიც აერთებს III და IV პარკუჭებს – თავის ტვინის არხი. თავის ბუშტუკების გვერდით კედლებში ვითარდება უჯრედული მასები, ხოლო პარკუჭების სახურავებზე რჩება თხელი უბნები, სადაც ყალიბდებიან ცერებროსპინალური სითხის გამმომუშავებელი სისხლძარღვოვანი წნულები.
განვითარების პროცესში მყოფ თავის ტვინში წარმოიქმნება თეთრი და რუხი ნივთიერება. რუხი ნივთიერება (substantia grisea) შეიცავს ნეირონების სხეულებს, მისგან ყალიბდება ცნს–ის ბირთვები (nuclei) და ქერქი (cortex). თეთრი ნივთიერება (substantia alba) შედგება ნეირონების წანაზარდებისგან, რომლებიც ქმნიან კონებს (fasciculi) და ტრაქტებს (tractus), რომლებიც, თავის მხრივ, წარმოადგენენ ცენტრალური ნერვული სისტემის გამტარი გზების შემადგენელ ნაწილებს. მუცლადყოფნის პერიოდის ბოლო თვეში იწყება ნერვული ბოჭკოების მიელინიზაცია, რომელიც მიმდინარეობს უკანა ტვინიდან წინა მიმართულებით; აღნიშნული პროცესი სრულდება ბავშვის დაბადების შემდეგ.
ახალშობილის თავის ტვინის მასა შეადგენს დაახლოებით 400 გრ და დამოკიდებულია სხეულის მასაზე (სხეულის მასის დაახლოებით 12,3–12,8%). თავის ტვინის ზრდა სიცოცხლის პირველ წლებში ინტენსიურად მიმდინარეობს, შემდეგ თანდათან ნელდება და სრულიად წყდება 20 წლის ასაკისთვის. სიცოცხლის პირველ წელს თავის ტვინის მასა 2–ჯერ მატულობს, 3 წლის ასაკისთვის – 3–ჯერ, ხოლო 7 წლის ბავშვების თავის ტვინის მასა შეადგენს მოზრდილი ადამიანის ტვინის მასის 80%. მამაკაცის თავის ტვინის მასა საშუალოდ შეადგენს 1400 გრ, ხოლო ქალის – 1200 გრ, რაც შეადგენს სხეულის მასის 2%; სქესობრივი და ინდივიდუალური განსხვავებები დაკავშირებულია სხეულის მასაზე და სიგრძეზე, სხეულის აგებულების თავისებურებებზე. 60 წლის შემდეგ თავის ტვინის მასა მცირდება (განსაკუთრებით თვალშისაცემია 80 წლის შემდეგ; მამაკაცებში საშუალოდ 13%–ით, ხოლო ქალებში – 16%–ით). 60 წელს გადაცილებულ პირებს აღენიშნებათ თავის ტვინის ნეირონების რაოდენობის შემცირება.





                                                                                                           გამოყენებული რესურსები:

                                                                           
                                                            ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”
                                                            “ანატომიური ენციკლოპედია”

        ტვინი "ბიოლოგიური კომპიუტერი"


ადამიანის თავის ტვინს ხშირად ბიოლოგიურ კომპიუტერის, ანუ ბიოკომპიუტერის სახელით მოიხსენიებენ. “ბიოლოგიურს” იმიტომ უწოდებენ, რომ ცოცხალი ორგანიზმის ნაწილს წარმოადგენს, ტვინი ისევე ინახავს და ამუშავებს ინფორმაციას როგორც ამას ჩვეულებრივი კომპიუტერი აკეთებს.

ადამიანის ტვინის კომპიუტერთან შედარება ზოგად წარმოდგენას გვიქმნის, თუ რამდენად კომპლექსურია თავის ტვინის მუშაობა. თუმცა, თავის ტვინი გაცილებით მეტ ინფორმაციას ამუშავებს, ვიდრე კომპიუტერი და მეტი რაოდენობის მონაცემების მართვა შეუძლია. მაგალითად, ჯერჯერობით არც ერთ კომპიუტერს არ შეუძლია ფიქრი, გაანალიზება, ისეთი გრძნობების განცდა, როგორიცაა სიყვარული, სიბრაზე, შიში ან, თუნდაც, ოცნება. მიუხედავათ იმისა, რომ კომპიუტერი ურთულეს მათემატიკურ ამოცანებს ხსნის, არ შეუძლია პოეზიის ან მხატვრული ფილმების შექმნა. ადამიანის ტვინი რუხ ნივთიერებას შეიცავს და გიგანტური კაკლის ფორმისაა; მოთავსებულია ქალას ღრუში და დანაოჭებულია. თავის ტვინის სიგრძე, დაახლოებით, 17 სმ–ს უდრის. მამაკაცის ტვინის სისდიდე და წონა ოდნავ მეტია, ვიდრე ქალისა, რაც იმით აიხსნება რომ ქალის ორგანიზმი, საშუალოდ, ნაკლებია, ვიდრე მამაკაცისა. ზოგადად, მამაკაცის თავის ტვინის წონა არის 1 350 გრ, ხოლო ქალის 1 200 გრ.


                           
                                 ქიმიური კავშირი..........


თავის ტვინი, ასევე, მარტავს სპეციფიკურ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს - ჰორმონებს. ადამიანის ორგანიზმში 30 – ზე მეტი სხვადასხვა ჰორმონია, რომლებიც შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებში გამომუშავდებიან და უშუალოდ სისხლში გამოიყოფიან. ჰორმონები სპეციფიკურ გავლენას ახდენენ ამა თუ იმ ორგანოს მოქმედებაზე ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური რეაქციების შეცვლით.
ნერვული იმპულსები სწრაფია თანაც აქტიური, ჰორმონების მიერ განხორციელებული ცვლილებები კი ნელ პროცესს წარმოადგენს, მაგალითად, ზრდა, სასქესო ორგანოების მომწიფება ან საკვებიდან მირებული ენერგიის გამოყენება. ადამიანის თავის ტვინი ახორციელებს უმაღლეს ნერვულ ფუნქციებს და ყველა სასიცოცხლო პროცესის კოორდინაციას. მისი დაავადებები შეიზლება იყოს ორგანული ან ფუნქციური ხასიათისა, რომელიც შეიძლება ანომალიით, ტრავმული დაზიანებით, სისხლის მიმოქცევის დარღვევით, ანთებითი პროცესით, მიკროორგანიზმებით ან მათი ტოქსინებით იყოს გამოწვეული.



შეტყობინებების (იმპულსების) გაგზავნა........

თავის ტვინი ინფორმაციას გრძნობის ორგანოებიდან იღებს. ასე რომ, ამ პროცესში მონაწილეობს: თვალები, ყურები, ცხვირი, ენა და კანი. კომპიუტერის შემთხვევაში ამ ფუნქციას მისი გარემოწყობილობა, კლავიატურა და თაგვი (მაუსი) ემსახურება. ინფორმაციის აღქმა ტვინის ნახევარსფეროებში სპეციალური იმპულსების მეშვეობით ხდება.


სხეულის უბნები........

1, შინაგანი ორგანოები
2. საყლაპავი
3. ხახა
4. ენა
5. ყბა
6. ქვედა ტუჩი
7. ტუჩები
8. ზედა ტუჩი
9. სახე
10. ცხვირი
11. თვალი (ქუთუთო და თვალის კაკალი)
12. წარბი
13. კისერი
14. ხელის გული
15. საჩვენებელი თითი
16. შუა თითი
17. უსახელო თითი
18. ნეკი
19. ხელი
20. მაჯა
21. წინამხარი
22. იდაყვი
23. მკლავი
23. მხარი
24. კისერი და თავი
25. ტანი
26. ბარძაყი
27. მუხლი
28. ფეხი
29. კოჭი
30. ტერფი
31. ფეხის თითები
32. ვოკალიზაცია
33. ნერწყვის გამოყოფა
34. ღეჭვა
                       



                                                                       გამოყენებული რესურსები: 



                                                                                             "ბიოლოგიური ენციკლოპედია"
                                                                                              www.ucnauri.com